logo
ENG



ბაიდენმა კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს

18 ოქტ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს ძალიან მჭიდროდ თქვენს ხელმძღვანელობასთან, შეტევის პირველივე წუთებიდან. ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ ისრაელს ჰქონოდა სამხედრო უპირატესობა და ახლა ვთხოვ ამერიკის კონგრესს, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რათა ისრაელის ცა იყოს დაცული. აქტიურად მივაწვდით ასევე იარაღს ისრაელს და ჩვენი სამხედრო ხომალდები შემოდიან ისრაელის ნაპირებთან, რათა მოხდეს ამ კონფლიქტის გაფართოების შეჩერება. ჩვენ ვიცით, მსოფლიომ იცის, რომ ისრაელი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ნებისმიერი მტერი, რომელიც იფიქრებს ისრაელზე თავდასხმას - არ გააკეთოთ ეს!", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თელ-ავივშ ჩავიდა. აეროპორტში მას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ქვეყნის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა